პედაგოგობის მსურველებს შესაბამისი პროგრამის გავლის შემდეგ, უფროს მასწავლებლად მუშაობა შეეძლებათ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პედაგოგობის მსურველებისთვის ახალ პროგრამას იწყებს.

როგორც მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, საუბარია ერთწლიან პროგრამაზე, რომელსაც უნივერსიტეტი განახორციელებს და გარკვეული კვოტირებების ფარგლებში სახელმწიფო დააფინანსებს.

მისივე თქმით, ეს არის პროგრამები, რომლებმაც აკრედიტაცია ახლახან გაიარა და მათი კრედიტები 60-ს შეადგენს.

”მომზადებას გაივლიან ისინი, ვისაც ექნება საგნობრივი დადასტურება. მათ შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ 60 კრედიტიანი კურსი, რის შემდეგაც ისინი შეძლებენ მასწავლებლობას. ისინი მოხვდებიან უფროსი მასწავლებლის კატეგორიაში, სადაც უკეთესი ხელფასი ექნებათ. პროგრამები არის გაშლილი, როგორც რეგიონულ, ასევე თბილისის უნივერსიტეტებში, მაგრამ რეგიონებში ამ კუთხით განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საგნობრივი დეფიციტი უფრო გვაქვს პედაგოგების რეგიონებში, სოფლებში, ამიტომ პრიორიტეტი მიენიჭება ამ ადგილებს. ილიას უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში უკვე დაიწყო ფუნქციონირება საგანმანათლებლო სკოლებმა, სადაც უკვე უნივერსიტეტმა უნდა მოამზადონ პედაგოგები”, - აღნიშნა სანიკიძემ და დასძინა, რომ სახელმწიფო წელიწადში დაახლოებით 800-დან 1000-მდე პედაგოგობის მსურველს დააფინანსებს.

განათლების მინისტრის განმარტებით, ერთწლიანი სასწავლო პროგრამა სექტემბრიდან დაიწყება და კურსის ღირებულება წელიწადში 2000-მდე ლარია.

სანიკიძის განმარტებით, პედაგოგს სჭირდება საგნის ცოდნის დადასტურება, რომელიც შესაძლოა მას ჰქონდეს, ან რომლის მიღების საშუალებაც რეგისტრაციამდე, გამოცდის ჩაბარებით შეუძლია.

რაც შეეხება მოქმედ პედაგოგებს, გადამზადების შესაძლებლობა მათაც აქვთ, თუმცა სახელმწიფო მის კვოტირებას არ მოახდენს.

რაც შეეხება რეგისტრაციის პირობებს, ეროვნული გამოცდების შეფასებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელ მაია მიმინოშვილის განცხადებით, პედაგოგობის მსურველთა რეგისტრაციის პროცესი უკვე დაწყებულია და 12 აპრილს სრულდება.

მისივე თქმით, რეგისტრაციის გავლა ვებ-გვერდებზე, www.naec.ge ან online.naec.ge-ზეა შესაძლებელი.

დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება კი მსურველებს სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე შეეძლებათ.