ოფშორულ კომპანიასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, ისლანდიის პრემიერი პოსტიდან გადადგა

ისლანდიის პრემიერ-მინისტრი სიგმუნდურ გუნლეიგსონი თანამდებობიდან გადადგა.

პრემიერმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში მასობრივი აქციები მოჰყვა ინფორმაციას გუნლეიგსონის ოფშორულ კომპანიებთან კავშირის თაობაზე.

ისლანდიის პრემიერ-მინისტრი იმ პოლიტიკოსებს შორის აღმოჩნდა, რომლის გვარიც „პანამის ჩანაწერებში“ ფიგურირებს. დოკუმენტების თანახმად, სიგმუნდურ გუნლეიგსონი და მისი მეუღლე ოფშორული კომპანიის მფლობელები იყვნენ.

„პანამის ჩანაწერების“ მიხედვით, ისლანდიის უკვე ყოფილმა პრემიერმა და მისმა მეუღლემ 2007 წელს კომპანია „უინთრისი“ შეიძინეს. 2009 წელს, როდესაც გუნლეიგსონი პარლამენტის წევრი გახდა, კომპანიაში თავისი 50%-იანი წილი მეუღლეს სიმბოლურ 1 დოლარად მიჰყიდა. დოკუმენტების თანახმად, სიგმუნდურ გუნლეიგსონის და მისი მეუღლის კომპანიამ ისლანდიის ბანკებში მილიონობით დოლარის ინვესტირება მოახდინა.