პარლამენტი მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს

პარლამენტი მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს. პროექტს დღეს იუსტიციის სამინისტრო პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარადგენს.

მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით მთავრობამ პარლამენტს სპეციალური კანონპროექტი, სახელწოდებით – “მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” წარუდგინა. მას თან ერთვის კიდევ შვიდ კანონში, მათ შორის “საჯარო რეესტრის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები.

პროექტი აწესრიგებს საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტების ლეგალიზების საკითხებს, განსაზღვრავს ამ პროცესში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების უფლებამოსილებებს, აგრეთვე დავების განხილვის ალტერნატიულ საშუალებებს.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორი იუსტიციის სამინისტროა.