წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა იკრძალება

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე სახელმწიფო ბიუჯეტის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე, პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა იკრძალება. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად ჩაითვლება.

ეს არის ერთ-ერთ იმ აკრძალვათა შორის, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე ამოქმედდება. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) კი, “საარჩევნო კოდესის“ მიხედვით, არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე იწყება.

როგორც საარჩევნო კანონმდებლოშია ნათქვამი, ამ დღიდან პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები თანასწორი უფლებებით სარგებლობენ და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები.

ამასთან, “საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია: - საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა).

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. როგორც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი დოკუმენტაცია კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს დღეს გადაეგზავნება.