„საპარტნიორო ფონდს“ და „საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

„საპარტნიორო ფონდს“ და „საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „საპარტნიორო ფონდში“ აცხადებენ, მემორანდუმის თანახმად, მხარეები საქართველოში ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ, რომლებიც სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ფონდის ინფორმაციით, „საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის“ დელეგაცია, რომელსაც პალატის თავმჯდომარე ლიუ იანზონგი ხელმძღვანელობს, სამდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფება და მთავრობის წარმომადგენლებს ხვდება. ვიზიტის მიზანია აბრეშუმის გზის რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და საქართველოს, როგორც „აბრეშუმის გზის“ უძველესი ქვეყნის, რეგიონულ პროექტებში ჩართვა.

„საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატა“ აღმოსავლეთ აზიაში სერიოზული ორგანიზაციაა, იგი რამდენიმე ათეულ მსხვილ კომპანიას აერთიანებს, ვისთვისაც საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა „აბრეშუმის გზის“ პროექტის წარმატების საწინდარია,“ - განაცხადა ხელმოწერის ცერემონიაზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

მისივე თქმით, „აბრეშუმის გზის“ პროექტში ჩართვით საქართველო თავის ისტორიულ როლს დაიბრუნებს და ევროპის და აზიის დამაკავშირებელი ცენტრი გახდება.

„პროექტის განხორციელება ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს განავითაროს ეკონომიკა, ვაჭრობა, დაამყაროს ახალი კავშირები, განავითაროს ინფრასტრუქტურა და ქვეყანა ჩაერთოს საერთაშორისო კომერციულ პროექტებში“, -აღნიშნა დავით საგანელიძემ.

„საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატა“ ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში 2015 წელს შეიქმნა. მასში 36 ქვეყნის უმსხვილესი კომპანიებია გაერთიანებული.