ეროვნულმა ბანკმა რეპო ტრანზაქციებისა და გლობალური ჩარჩო რეპო ხელშეკრულების თემაზე საერთაშორისო სემინარი გამართა

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების ასოციაციის (ICMA) აქტიური მხარდაჭერით და FronClear-ის ფინანსური დახმარებით, რეპო ტრანზაქციებისა და გლობალური ჩარჩო რეპო ხელშეკრულების (GMRA) თემაზე, საერთაშორისო სემინარი გაიმართა.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, სემინარს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების, საბროკერო კომპანიებისა და წამყვანი იურიდიული ფირმების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ორდღიან შეხვედრაზე, ქართული საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნენ საერთაშორისო რეპო ბაზრების სტრუქტურას და ბაზარზე არსებულ ბოლო ტენდენციებს. მიიღეს ზუსტი ინფორმაცია საერთაშორისო რეპო გარიგებების სამართლებრივ და ოპერაციულ ასპექტებზე. ასევე განიხილეს რეპო ტრანზაქციების ყველაზე გავრცელებული ტიპები და იმსჯელეს მათ ბიზნეს ბუნებაზე.

სამუშაო შეხვედრას რიდინგის უნივერსიტეტის, ICMA-ს ცენტრის უფროსი მკვლევარი რიჩარდ კომოტო უძღვებოდა.

"რეპო ტრანზაქცია ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი გარიგებაა ფინანსურ ბაზრებზე, რომლის განხორციელებისას სამართლებრივი და საოპერაციო ასპექტების დეტალური ცოდნაა აუცილებელი. სემინარის მიზანია მონაწილეებმა გაიღრმავონ ცოდნა ამ მიმართულებით და მოხდეს გლობალური ჩარჩო რეპო ხელშეკრულების საქართველოში დანერგვა. რეპო ტრანზაციების აქტიური გამოყენება შეამცირებს საერთაშორისო ბაზრებიდან ფულის მოზიდვის ხარჯებს და მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყანაში ფინანსური ბაზრების განვითარების კუთხით", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.

სემინარის დასრულების შემდეგ გაიმართება სამართლებრივი დასკვნის პრეზენტაცია, რომელიც ძირითადად საერთაშორისო პარტნიორებთან GMRA-ის გაფორმების სამართლებრივ სპეციფიკას შეეხება.

აღნიშნული სამართლებრივი დასკვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომელიც მათ დახმარებას გაუწევთ, გააფორმონ რეპო გარიგებები საერთაშორისო პარტნიორებთან. დასკვნა განთავსდება "საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების ასოციაციის" (ICMA-ს) ვებგვერდზე და ასოციაციის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ იხელმძღვანელონ ამ სამართლებრივი დოკუმენტით. საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, დადებითი სამართლებრივი დასკვნის არსებობა მნიშვნელოვანი წამახალისებელი ფაქტორი იქნება უცხოური ფინანსური ინსტიტუტებისათვის, რათა მათ მომავალში დადონ რეპო გარიგებები ქართულ კომპანიებთან.