კრისტინ ლაგარდი - გლობალური ეკონომიკა კვლავ რისკქვეშაა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის კრისტინ ლაგარდის განცხადებით, გლობალური ეკონომიკის მოკრძალებული გამოცოცხლება ვერ გაგრძელდება, თუ ქვეყნის მთავრობები გადამწყვეტ ნაბიჯებს არ გადადგამენ ეკონომიკის ზრდისთვის.

„კარგი ამბავია ის, რომ მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა გრძელდება, ზრდა მიდის და ჩვენ არ ვართ კრიზისის მდგომარეობაში. თუმცა, არცთუ ისე კარგი ამბავია, რომ აღდგენა საკმაოდ ნელი და მოკრძალებული ტემპებით მიდის, მყარი არ არის და რისკები იზრდება“, - განაცხადა ლაგარდმა ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში.

მისივე თქმით, განვითარებადი ქვეყნები ჯერაც ვერ გადავიდნენ განვითარებული ქვეყნების რიგებში, როგორც ეს მანამდე იყო მოსალოდნელი.

„შემცირდა მსოფლიო ვაჭრობის ზრდა, გაიზარდა მსოფლიოს ფინანსური სტაბილურობის რისკი. ეკონომიკურ რისკებს ემატება სოციალურ-პოლიტიკური პრობლემებიც - ტერაქტები, ეპიდემიები, ლტოლვილთა რაოდენობის ზრდა“, - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა.