ზურაბ აბაშიძე - ჩვენი დაფინანსების ძირითადი წყარო სახელმწიფო დაფინანსებაა

ჩვენი დაფინანსების ძირითადი წყარო გახლავთ სახელმწიფო დაფინანსება, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენს პარტიას აქვს დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც კოალიციის ყოფილ წევრს, რადგან ჩვენ საკმაოდ დიდი წვლილი მიგვიძღვის 2012 წელს გამარჯვებაში, ამიტომ ჩვენი ძირითადი წყარო გახლავთ სახელმწიფო დაფინანსება, რომელიც გააჩნია პარტიას, ასევე შემოწირულობები, რაც ღია და საჯაროა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სხვადასხვა ადამიანები, ბიზნესმენები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, დაფინანსება სრულიად ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს ყველასთვის.

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, პარტიის ძირითადი დაფინანსების წყაროა ასევე ის ადამიანები, რომლებიც ერთგულად შერჩნენ პარტიას.

„გირჩი“ საკმაოდ წარმატებულია. როგორც ჩანს, ბიზნესმენების დიდი ინტერესი გამოიწვია და თუ ”გირჩს” გადახედავთ, ალბათ ჩვენც არ ვართ უპერსპექტივო“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

პოლიტიკურმა პარტიებმა მიმდინარე წლის 3 თვეში შემოწირულობის სახით 428 476 ლარი მიიღეს. პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან 2016 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში ყველაზე მეტი შემოწირულობა პლატფორმა ”ახალ პოლიტიკურ ცენტრზე” მოდის. მას 168 058 ლარი აქვს მიღებული, ხოლო ”თავისუფალ დემოკრატებს” – 4 000 ლარი.