თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია 30 ივნისს დასრულდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაცია 30 ივნისს დასრულდება.

ინფორმაციას ამის შესახებ "ტავ ჯორჯია" ავრცელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება განახლებული და მოდერნიზებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები, რომელიც ასევე აღიჭურვება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი შუქ-ტექნიკური საშუალებებით. ასაფრენი ზოლისა და შესაბამისი სააეროდრომო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მეტი ავიაკომპანიის მოზიდვასა და ტურისტული მგზავრთნაკადის გაზრდას.

ამასთან ერთად, 2017 წელს დასრულდება ჩამოფრენის ახალი ტერმინალის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ მგზავრთა ნაკადის ზრდის გამო წამოიწყო. ჩამოფრენის ტერმინალის მშენებლობის პარალელურად მოეწყობა ავტომანქანების პარკირების დამატებითი სადგომები.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა და რეაბილიტაციის პროცესი პირად კონტროლზე აიყვანა.

"განახლებული აეროპორტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მისი ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით კი ტურიზმის განვითარებისთვის. ბოლო წლებში, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდის დინამიკა გვაქვს. განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და ახალი ტერმინალი ხელს შეუწყობს იმას, რომ საქართველოში უფრო მეტი სტუმარი ჩამოვიდეს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე