წეროვანში მოყვანილი ქართული ლილიები ბაზარზე იმპორტირებულს უწევს კონკურენციას

24 წლის ამირან დავითურმა წეროვანში მდებარე ლტოლვილთა დასახლებაში ლილიების სასათბურე სისტემა გააშენა. ქართული ლილიები ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულს უწევს კონკურენციას.

როგორც ინდმეწარმე ამირან დავითურმა ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, პირველი მოსავლის აღება უკვე დაწყებულია და ლილიების რეალიზაცია ძირითადად თბილისში ხდება. ამირან დავითურის თქმით, დისტრიბუტორები დასავლეთ საქართველოდანაც ჩამოდიან, რადგან ფასი იმპორტირებულთან შედარებით გაცილებით დაბალია. დავითურის თქმით, ამავე ჯიშის ერთი იმპორტირებული ყვავილის ღირებულება 7 ლარიდან იწყება, მის მიერ მოყვანილი ლილიის ფასი კი 3-დან 5 ლარამდე მერყეობს.

ამ ეტაპზე სათბურში ჰიბრიდული და ორიენტალის ჯიშის ლილიები ხარობს. თუმცა ამირან დავითური უახლოეს მომავალში ქრიზანთემების მოშენებასაც გეგმავს.

ინდმეწარმეს ბოლქვების შესყიდვის ხელშეკრულება ჰოლანდიაში არსებულ კომპანიასთან აქვს გაფორმებული.

სასათბურე სისტემა 200 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული. მის გასამართად ამირან დავითურმა გრანტის სახით 16 250 ლარი ,,ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი საქართველოდან” მიიღო.

ქრისტინე გამთენაძე