იპოთეკით დაზარალებულები პრემიერთან შეხვედრას ითხოვდნენ

ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ შეგვხვდეს ბატონი კვირიკაშვილი, მან მზაობა გამოთქვა, იპოთეკარების პრობლემა მოგვარდეს, ჩვენ მზად ვართ, პრემიერს დეტალებზე და გადაჭრის გზებზე ვესაუბროთ , - განაცხადა ”ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” წარმომადგენელმა ალექსანდრე კობაიძემ კანცელარიასთან გამართულ აქციაზე, რომელზეც იპოთეკით დაზარალებულები პრემიერთან შეხვედრას ითხოვდნენ.

”პრობლემის მოგვარების გზა არის ის, რომ მოგვეცეს გრძელვადიანი სესხები, სახელმწიფო ჩაგვიდგეს გარანტად და ინდივიდუალურად მოხდეს კონკრეტული პრობლემის შესწავლა. თუ პრემიერის მზაობა იქნება, ჩვენი რესურსით მივაწვდით თითოეულ საქმეს ინდივიდუალურად”, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეს, ამირან გვაზავას შეხვდნენ, მაგრამ შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა.

”დღეს შეგვხვდა ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე ამირან გვაზავა, მე ვერ ვხედავ, რომ მთავრობას მზაობა აქვს ამ პრობლემის მოსაგვარებლად”,-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის ”საქართველოში საბანკო და სამევახშეო სისტემით დაზარალებულთა უფლებების დაცვის კომიტეტისა” და კოალიცია ”სახალხო ტრიბუნების” თავმჯდომარე მამისა ჯაფარაშვილმა.

”ჩვენ შემოვიტანეთ კანონპროექტი კანცელარიაში, ასევე პარლამენტსა და ეკონომიკის სამინისტროში, რომლებშიც დამცავი მექანიზმები გვაქვს ჩამოთვლილი და ამ სიტუაციიდან გამოსვლის საშუალებები გვაქვს დასაბუთებული”, - განაცხადა მამისა ჯაფარაშვილმა.

მისივე განცხადებით, აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ ქვეყანაში გამოცხადდეს ფორსმაჟორული სიტუაცია, შეწყდეს ყველანაირი გამოსახლება, დაიდოს სრულყოფილი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს საკუთარ მოსახლეობას იმისგან, რომ იპოთეკურმა კრიზისმა არ წაართვას სახლები.