მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების წარმოდგენის მეორე რაუნდი დასრულდა

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების წარმოდგენის მეორე რაუნდი დასრულდა.

როგორც მეწარმეობის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, პროექტის მეორე რაუნდის ფარგლებში, ვებგვერდის მეშვეობით www.qartuli.ge, საერთო ჯამში შემოსულ განაცხადთა რაოდენობა შეადგენს 14081-ს, ხოლო განმცხადებელთა რიცხვი 23164-ს უტოლდება, რაც პირველი რაუნდის მონაცემებს თითქმის ორჯერ აღემატება და პროგრამის უდავო წარმატებაზე მიუთითებს. პირველი რაუნდის მონაცემებით, შემოსულ განაცხადთა რაოდენობა 7846-ს შეადგენდა, ხოლო განმცხადებელთა რიცხვი 11878 იყო.

მათივე ინფორმაციით, მსგავსი აქტიურობა და მოსახლეობის მხრიდან დაინტერესების მაღალი დონე პროგრამის რეალურმა სარგებელმა და გამარჯვებული ბენეფიციარების ბიზნესების წარმატებამ განაპირობა. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამის შესახებ ცნობიერების დონე მნიშვნელოვნად იზრდება განხორციელებული პროექტების ეფექტურობის ხარჯზე. მოსახლეობა ნათლად ხედავს, რომ პროგრამაში ჩართვა ბიზნესის ნულიდან წამოწყებისა თუ განვითარების კარგი შესაძლებლობაა.

მოცემული ეტაპისთვის შემოსული განაცხადების განხილვა დაწყებულია და გამარჯვებულები აპრილის ბოლომდე გამოვლინდებიან, რომლებიც კონტრაქტორების მხრიდან მოწვეულნი იქნებიან ბიზნეს გეგმების ტრენინგზე. შემდეგ ეტაპზე შერჩეული მონაწილეები გაივლიან ბიზნეს გეგმების კონკურსს, საიდანაც შეირჩევა კონკრეტული ბიზნეს გეგმები, მათ ავტორებთან კი გაფორმდება ხელშეკრულება და საბოლოოდ გადაეცემათ თანადაფინანსების თანხა, შესაბამისად ისინი ოფიციალურად გახდებიან პროგრამის ბენეფიციარები.

უფრო კონკრეტულად, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ბიზნეს იდეის წარდგენა ვებგვერდზე www.qartuli.ge აპლიკაციის ფორმის შევსების გზით; ბიზნეს გეგმის წერის ტრენინგი; დამუშავებული ბიზნეს გეგმის წარდგენა; საბოლოოდ არჩეული ბიზნეს გეგმების თანადაფინანსება; ბიზნესის კეთებისათვის საჭირო ტრენინგი და ინდივიდუალური კონსულტაციები;

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის მეორე რაუნდში იგეგმება მინიმუმ 1500 ბენეფიციარის დაფინანსება და 3000-მდე ბენეფიციარის გადამზადება.

დღევანდელი მდგომარეობით, დაფინანსებულია 1106 ბიზნეს პროექტი, დაახლოებით 1620 ბენეფიციარი, გადამზადებულია 3118 ბენეფიციარი, ხოლო თანადაფინანსების სახით გაცემულია 8 060 732 ლარი.

15 თებერვლიდან 5 აპრილის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონის მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი ბიზნესიდეა ვებ-გვერდის მეშვეობით წარედგინა და ჩართულიყო მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსების გაცემას გულისხმობს.