მიმდინარე წლის I კვარტალში საწვავის იმპორტი 12,7%-ით გაიზარდა

2016 წლის I კვარტალში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 224,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 12,7%-ით - 25,4 ათასი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან.

მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 101,4 ათასი ტონა (+14,1 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 123,5 ათასი ტონა (+ 11,3 ათასი ტონით).

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 73,6 ათასი ტონა შეადგინა , რაც 1 ათასი ტონით ნაკლებია თებერვლის თვის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 35,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 38,1 ათასი ტონა.

„საწვავის კატეგორიების მიხედვით 2016 წლის მარტში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 25,0 ათასი ტონა ანუ 70,4%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 9,0 ათასი ტონა ანუ 25,4%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,5 ათასი ტონა ანუ 4,2%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მარტში შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 35,8 ათასი ტონა ანუ 94,0% (რაც რეკორდულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია), L-62 დიზელის საწვავი - 2,2 ათასი ტონა ანუ 5,8 %, DT – 0.1 ათასი ტონა ანუ 0,3%“, - ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქვეყნების მიხედვით 2016 წლის მარტის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 21,0 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 28,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 20,8 ათასი ტონა (28,3%), რუსეთი - 16,9 ათასი ტონა (23,0%), ბულგარეთი - 4,9 ათასი ტონა (6,7%), საბერძნეთი - 4,7 ათასი ტონა (6,4%), თურქმენეთი - 4,0 ათასი ტონა (5,4%), თურქეთი - 0,9 ათასი ტონა (1,2%), უკრაინა - 0,4 ათასი ტონა (0,5%).

რაც შეეხება სხვა ნავთობპროდუქტებს, მარტში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 6,9 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 2,6 ათასი ტონით აღემატება თებერვლის მაჩვენებელს.

1,6 ათასი ტონა შეადგინა საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა, რაც 0.2 ათასი ტონით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან.