თხილის ფასი ისევ დაეცა

დასავლეთ საქართველოში თხილის ფასი კიდევ ერთხელ დაეცა.

ადგილობრივთა თქმით, ამ დროისთვის თხილის ჩამბარებელ პუნქტებში თხილის ფასი 4,20-დან 4,50 ლარამდეა. მოსახლეობის თქმით, ბოლო სამი წელია ასეთი დაბალი ფასი არ ყოფილა. მათივე განცხადებით, მოსავლის გაყიდვასაც არ აქვს აზრი. 3 წელზე მეტია, რაც თხილის ფასი ასეთ დაბალ ნიშნულზე არ ყოფილა. შარშან ამ დროს 1 კგ თხილი 11-12 ლარიც კი ღირდა, წელს კი, 1 კგ "გულშიშველა" - 3 ლარი, "ანაკლიური" კი 4,20 ლარი ღირს…

მერაბ მებონია, დარჩელში მცხოვრები: "თხილის ფასი, მომატების ნაცვლად, ყოველდღიურად ეცემა. ასეთ რამეს არ ველოდით და ხალხი პანიკაშია. მე და კიდევ რამდენიმე ჩემნაირმა, სახლი ჩავდეთ ბანკში და 1 კგ თხილი 6 ლარად ვიყიდე. მაშინ ძალიან ხარისხიანი იყო, მაგრამ ამდენი თვის შემდეგ, წონაშიც მოიკლო, გულიც გაუშავდა და იქით წელს, შეიძლება 3 ლარში აღარ გაიყიდოს. ადრე, დოლარის კურსის მატებასთან ერთად, თხილის ფასიც იზრდებოდა. ახლა კი პირიქით ხდება. პირადად მე, სანამ მაღალი ფასი იყო, შევძელი და გარკვეული რაოდენობით გავყიდე, მაგრამ არის ხალხი, ვისაც არ გაუყიდია. ერთი სიტყვით, გლეხები პანიკაში არიან, ძალიან ცუდ დღეში არიან თხილის მწარმოებლებიც. თხილზე ფასის ვარდნის მიზეზებს ვერც ისინი ხსნიან, თუმცა ამბობენ, რომ შესაძლოა, უხარისხო თხილს უკავშირდებოდეს". 

ლია კვარაცხელია, თხილის მწარმოებელი: "4 ტონაზე მეტი თხილი მიწყვია სარდაფში. ქარხანაში მივედი, იქნებ ნახევარი მაინც ჩავაბარო-მეთქი, მაგრამ უარით გამომისტუმრეს - ასეთი ხარისხის თხილს ვეღარ ჩავიბარებთ, რადგან სარდაფში თხილის შენახვის სტანდარტი დაცვას ვერ მოახერხებთო. მათაც ვერ გაემტყუნებინათ, რადგან არიან ისეთები, ვისაც რამდენიმე ტონა თხილი უდევთ და ვერ ყიდიან. დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის 70% თხილის იმედზე იყო. რამდენიმე თვის წინ 8 ლარი იყო და კიდევ ელოდნენ ფასის გაზრდას. ჩვენც, მწარმოებლები ყველა ბანკის სესხით ვმუშაობთ, ფასი კი ყოველდღე ეცემა. გვეუბნებიან, რომ ევროპაში ვეღარ გააქვთ, ქართული თხილი ძალიან უხარისხოა".

თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მოწერელიას თქმით, თხილის ფასის მატება უახლოეს დღეებში მოსალოდნელი არ არის.

"მოგეხსენებათ, თხილის ფასს მსოფლიო ბაზარზე თურქეთი განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, როდესაც მოსავალი დიდია, პროდუქტის დეფიციტი არ არის ბაზარზე და როდესაც თურქეთში თხილი იაფდება, იაფდება საქართველოშიც... არც ისე დიდი ხნის წინ, როდესაც თხილის ფასი 7 ლარზე იყო, მაშინ მოსახლეობამ არ ჩააბარა. ახლა დაიწია თხილის ფასმა და წუწუნებს ყველა. რატომღაც ეგონიათ, რომ თხილის ფასი მუდმივად მოიმატებდა.

ლალი პაპასკირი