"გაზპრომი" ქართული მხარის მიერ შეთავაზებულ ძველ პირობებს დათანხმდა

ენერგეტიკის სამინისტრო რუსული კომპანია ”გაზპრომისგან” მიღებულ დოკუმენტს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს და ხელშეკრულება ოფიციალურად ძალაში შევა.

ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, საქართველომ ”გაზპრომთან” გასაფორმებელი ხელშეკრულების საბოლოო ტექსტი შეათანხმა. რუსული კომპანია ”გაზპრომისგან” დოკუმენტი ხელმოსაწერად უკვე გადმოგზავნილია.

”მხარეებს შორის შეთანხმებულია კონტრაქტის საბოლოო ტექსტი, რაც ითვალისწინებს სომხეთში გატარებული გაზის ტრანზიტის საფასურად საქართველოს დარჩეს გატარებული გაზის 10%. დოკუმენტი გადის სამართლებრივ პროცედურებს, რის შემდეგაც სამინისტრო წარადგენს მთავრობაზე დასამტკიცებლად და ხელშეკრულება ოფიციალურად ძალაში შევა”, - აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში.

რუსული კომპანია ”გაზპრომი” ქართულ მხარეს კონტრაქტის პირობების შეცვლას და სომხეთში გატარებული გაზის ტრანზიტის საფასურად ფულად ანაზღაურებას სთავაზობდა.