ქართული კიტრი ექსპორტზე გავა

,,თანაინვესტირების ფონდმა” ქართულ ბაზარზე ბოსტნეულის ახალი ბრენდი ,,პლანტა” გამოიტანა.

ამ ეტაპზე „პლანტა“ კიტრის კულტურებით არის წარმოდგენილი. 2016 წლის ბოლოს კი მომხმარებლებისთვის პომიდვრის სხვადასხვა ჯიშის შეთავაზებაც იგეგმება. როგორც სს საქართველოს სათბურის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი მოისწრაფიშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, გრძელვადიან პერიოდში სხვა ბოსტნეულის კულტურების წარმოებაც ბაზარზე წარმოქმნილი მოთხოვნის შესაბამისად მოხდება.

დღეისათვის „პლანტას" პროდუქციის შეძენა თბილისის თითქმის ყველა მსხვილ სუპერმარკეტსა და ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში არის შესაძლებელი.

ირაკლი მოისწრაფიშვილის განცხადებით, პროდუქცია ,,პლანტას” ბრენდის ქვეშ საექსპორტო ბაზაზეც გავა.

-„პლანტა“ ქართულ ბაზარზე 2016 წლის იანვარში გამოჩნდა. პროდუქციის პირველადი წარდგენა უკვე მოხდა რუსეთის ფედერაციის ბაზარზე, სადაც ქართულმა პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და გაჩნდა მოთხოვნა დამატებითი მოცულოbpnბების მიწოდებაზე. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსულ სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომელთა დასრულების შემდეგ „პლანტა“ უფრო მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი საექსპორტო ბაზარზე”, - აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა სასათბურე მეურნეობის განვითარება წამყვან ფრანგულ კომპანია რიშელ ჯგუფთან (Richel Group) პარტნიორობით 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტის პირველი ფაზა, რომლის ფარგლებშიც 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა, ერთი წლის წინ დასრულდა. აშენდა 4.4 ჰა სასათბურე კომპლექსი.

ირაკლი მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, სასათბურე კომპლექსის პირველი ფაზის დასრულებიდან ერთი წლის მანძილზე წარმოებული პროდუქციის მოცულობამ 2,000 ტონა შეადგინა.

საქართველოს სათბურის კორპორაციის გენერალური დირექტორის განმარტებით, მიმდინარე წლის ბოლოს, პროექტის მეორე ფაზის სრულყოფილად დასრულების შემდეგ, წარმოების მოცულობის წლიური მაჩვენებელი 4 000 ტონას გადააჭარბებს.

ევროპული დანადგარებით აღჭურვილი, მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ირაკლი მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, 2016 წლის ბოლოს, სასათბურე მეურნეობა 12 ჰექტარამდე გაფართოვდება და განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა $21 მლნ ამერიკულ დოლარს გაუტოლდება.

ამჟამად პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 108 ადამიანი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა. მოისწრაფიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლოს დასაქმებულთა რიცხვი 200-მდე გაიზრდება.

ქრისტინე გამთენაძე