ხოსე კარერასის კონცერტი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება

ხოსე კარერასის კონცერტი 18 ივნისს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, თეატრის წინ გაიმართება , ჯგუფ Maroon 5-ის კონცერტი კი - 7 ივნისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. საოცრებათა მოედანზე, - ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კონცერტების ხანგრძლივობა 90 წუთიდან 120 წუთამდეა დაგეგმილი, თუმცა, მისივე თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა მაყურებლების თხოვნით კონცერტი დაგეგმილზე მეტხანს გასტანს.

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან პროექტ Сheck-in Georgia-სთვის დაახლოებით, 29 მილიონი ლარი გამოიყოფა. ბილეთების ფასი სიმბოლური 20-30 ლარიდან დაიწყება და ყველაზე ძვირიანი, ანუ დინამოს არენაზე სცენასთან ყველაზე ახლოს ბილეთის ფასი 90 ლარი იქნება.