მიხეილ გიორგაძე - cheсk-in georgia-ს ფარგლებში, 35-ზე მეტი სხვადასხვა მიმართულების ფესტივალი ჩატარდება

პროექტ cheсk-in georgia-ს ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 35-ზე მეტი სხვადასხვა მიმართულების ფესტივალი ჩატარდება. ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.

”აქ იგულისხმება, როგორც მუსიკალური, ასევე ქორეოგრაფიული, თეატრალური, კინო, ფოტო, თანამედროვე ხელოვნების ფესტივალები, ცალკეული მასშტაბური კულტურული ღონისძიებები, მათ შორის მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავების მონაწილეობით”, - განაცხადა მინისტრმა.

როგორც მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, პროექტი cheсk-in georgia აპრილში დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს.

”24 აპრილს პირველი ასეთი მასშტაბის კონცერტი თბილისში, სპორტის სასახლეში ეროს რამაზოტის კონცერტი იქნება, 27 მაისს, თბილისში ”დინამოს” სტადიონზე რობი უილიამსის კონცერტი გაიმართება, შემდეგ იქნება Maroon 5 -ის კონცერტი 7 ივნისს ბათუმში, 18 ივნისს კი ქუთაისში ხოსე კარერასის კონცერტი გაიმართება.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ღონისძიებები არ არის კონცენტრირებული დედაქალაქში და სულ 19-ზე მეტ ქალაქს მოიცავს. ამ პროექტში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ქართველი შემსრულებლები”, -აღნიშნა გიორგაძემ.