სტივ ჯობსის საბჭოთა თავგადასავლები

კომპანია Apple-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლეგენდარული სტივ ჯობსი რუსეთის დედაქალაქს "პერესტროიკის" პერიოდში სტუმრობდა.

ჯობსს საბჭოთა ბაზრის დაპყრობა და საბჭოელი ხალხისთვის საკუთარი პროდუქცის შეთავაზება სურდა. თუმცა ეს ოცნება ვერ აისრულა.

"რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებული სტატიის თანახმად, 1985 წლის ზაფხულში მოსკოვში აშშ-ის საელჩო მასპინძლობდა კომპანია Apple-ის ორ წარმომადგენელს. როგორც ყოფილი ატაშე მაიკ მერინი იხსენებს, ერთ-ერთი მათგანი მაღალი, გამხდარი ახალგაზრდა მამაკაცი იყო გრძელი თმით.

სტუმრებმა ატაშეს უთხრეს, რომ საბჭოთა კავშირში Apple-ის კომპიუტერების წარმოება სურდა. საპასუხოდ ატაშემ გააფრთხილა, რომ ამით აშშ-ის მხრიდან საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ დაწესებულ საექსპორტო შეზღუდვებს დაარღვევდნენ.

„ახალგაზრდა მამაკაცი წამოხტა და ყვირილი დამიწყო: „თქვენ ვინ ხართ? დაბალი რანგის ბიუროკრატი ხართ, საერთოდ არ იცით, რას აკეთებთ“, - იხსენებს ყოფილი ატაშე სიცილით.

ემოციური შეხვედრის შემდეგ ამერიკელი დიპლომატი სტუმრებთან ერთად ქართულ რესტორანში წავიდა, ახალგაზრდა მამაკაცმა ვეგეტარიანული კერძი შეუკვეთა და სწორედ მაშინ მიხვდა მაიკ მერინი, რომ მის წინაშე სტივ ჯობსია.

„ღმერთო ჩემო, რა სულელი ვარ, ეს ხომ სტივ ჯობსია“, - გაიფიქრა მან.

სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ "რადიო თავისუფლებამ“  საბჭოთა კავშირში მისი პირველი და უკანასკნელი ვიზიტის შესახებ ახალი დეტალები გამოაქვეყნა.

"ირკვევა, რომ 1988 წელს სტივ ჯობსმა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს უშიშროების სამსახურს უამბო, რომ საბჭოთა კავშირში ყოფნის პერიოდში საქმე ჰქონდა იურისტთან, რომელიც აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოზე, ან ე.წ. КГБ-ზე მუშაობდა.

ეს ინფორმაცია დაფიქსირებულია დოკუმენტებში, რომელსაც ჯობსი საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომის მისაღებად შეავსო, ანკეტის ასლი კი ერთ-ერთმა ამერიკულმა გამოცემამ მოიპოვა", - წერს "რადიო თავისუფლება".

იურისტის ვინაობა უცნობია, მაგრამ ჯობსი წერდა, რომ ის პარიზიდან იყო და მონაწილეობდა აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობის დალაგებაში.

ჯობსი ასევე ეჭვობდა, რომ სასტუმროს ნომერში, გამოძახების გარეშე მისული ტელევიზორების ხელოსანი სინამდვილეში სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო, რომელსაც ჯობსის თვალთვალი ევალებოდა.

"მოსკოვში ჩასვლამდე ორი დღით ადრე, 1985 წლის ივლისის დასაწყისში, ჯობსი პარიზის ერთ-ერთ სავაჭრო გამოფენაში მონაწილეობდა, სადაც აშშ-ის მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ურჩია, „მიეცი რუსეთს კომპიუტერები, რომ რევოლუცია შიგნიდან დაიწყოს“.

მაგრამ იმ პერიოდში ვაშინგტონმა კომპანია Apple-ს საბჭოთა კავშირში მაკინტოშის ახალი კომპიუტერების გაყიდვის უფლება არ მისცა.

მოსკოვში ვიზიტის დროს სტივ ჯობსს Apple-ში უფლებამოსილებები უკვე ჩამორთმეული ჰქონდა, კომპანია კი რეიტინგსა და შემოსავალს სწრაფად კარგავდა.

რამდენიმე თვის შემდეგ ჯობსმა Apple დატოვა, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ათი წლის შემდეგ ბაზარზე დაბრუნებულიყო iPhone-ისა და iPad-ის პროდუქციით, რომელმაც მობილური კავშირისა და ელექტრონიკის სფეროში რევოლუცია მოახდინა.

სტივ ჯობსის ბიოგრაფიის ავტორი უოლტერ აიზაქსონი წერს, რომ მოსკოვში ვიზიტისას სტივ ჯობსს ლევ ტროცკიზე სურდა საუბარი, თუმცა КГБ-ს თანამშრომელმა, რომელიც ჯობსს ახლდა, მისი გადარწმუნება სცადა.

„ტროცკიზე საუბარი არ ღირს, ჩვენმა ისტორიკოსებმა ეს ამბავი შეისწავლეს, ტროცკი გამორჩეული პიროვნება არ იყო“, - განმარტავდა სპეცსამსახურების თანამშრომელი ჯობსთან საუბარში.

მაგრამ სტუდენტებთან შეხვედრაზე სტივ ჯობსმა თავისი გამოსვლა სწორედ ტროცკის ქებით დაიწყო", - წერს "რადიო თავისუფლება".

გასულ კვირას Apple-ს დაფუძნებიდან 40 წელიწადი შეუსრულდა. 2015  წელს კომპანიის სავაჭრო ბრუნვამ 233 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მიმდინარე წლის იანვარში კი Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 537 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა.