მარტში რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა რაოდენობა 16,0%-ით გაიზარდა

2016 წლის მარტში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობამ 4 909 ერთეული შეადგინა.

ინფორმაციას ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს. ოფიციალური მონაცემებით, 95.1% სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო 4.9% - არასამეწარმეო სუბიექტი.

ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი 1.122 დონეზე დაფიქსირდა.

საჯარო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 16,0%-ით, ხოლო წინა წლის ამავე თვესთან შედარებით 9,9%-ით გაიზარდა.

2016 წლის მარტის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 15.3%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 31.7%-ით გაიზარდა. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებითაც.

მარტში ბიზნესსუბიექტთა უმეტესობა ინდივიდუალური მეწარმის (2 505 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 51.0%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (2 010 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 40.9%) სახით დარეგისტრირდა. სააგენტოს განმარტებით, ბიზნესსუბიექტთა 92.0% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას.

ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 237 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 116 კოოპერატივი, 28 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 7 სააქციო საზოგადოება, 3 უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 2 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება და 1 საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე