ჩაის მწარმოებელი ჩინური კომპანიის წარმომადგენლები აჭარით ინტერესდებიან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ დანელიასთან ერთად, ჩინეთში ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის „იუნანის დანხუნ ჯგუფის“ პრეზიდენტ ვან ტიანჩუანს შეხვდა.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აცხადებენ, შეხვედრაზე საქართველოში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი“ ფარგლებში სამეგრელოსა და აჭარაში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისა და ჩაის ახალი ჯიშების გაშენების საკითხები განიხილეს. ჩინეთში ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის „იუნანის დანხუნ ჯგუფის“ პრეზიდენტი საქართველოში, კერძოდ, აჭარაში ჩაის კულტურის განვითარებით არის დაინტერესებული.

ჩინური კომპანიის „იუნანის დანხუნ ჯგუფის“ პრეზიდენტმა ჩინეთსა და საქართველოში ჩაის კულტურის ისტორიას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ჩინეთის შემდეგ, საქართველო ჩაის მეორე სამშობლოდ ითვლება. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრები ბათუმის ძმები ნობელების ტექნოლოგიურ მუზეუმს დაათვალიერებენ, სადაც აჭარაში ჩაის კულტურის განვითარების ისტორიას გაეცნობიან.

საქართველოში ჩაის კულტურის განაშენიანება კონსტანტინე პოპოვის სახელთან არის დაკავშირებული, რომელმაც ამ საქმის ასაღორძინებლად 1893 წელს ჩინეთიდან აჭარის ზღვისპირეთში ლაო ჯონჯაო ჩამოიყვანა. სწორედ მის სახელს უკავშირდება აჭარაში ჩაის კულტურის განვითარება.