დავით ნარმანია - ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ბაღების გათავისუფლებული დირექტორების საქმე ომბუდსმენმა შეისწავლოს

ვერ ვხედავ ვერაფერს ცუდს იმაში, რომ ბაღების გათავისუფლებული დირექტორების საქმე სახალხო დამცველმა შეისწავლოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, თბილისის მერი მზად არის იმ შემთხვევაში, თუ სახალხო დამცველი საკითხთან დაკავშირებით დასკვნას დადებს, მას გაეცნოს. ქალაქის მერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბაღების სააგენტო დირექტორების გათავისუფლების დროს კანონის ფარგლებში მოქმედებდა.

”მე მაქვს საკმარისი ინფორმაცია, ხელთ მაქვს აუდიტის დასკვნა, თუმცა არსებითად მე არ ვერევი საკადრო საკითხებში. მნიშვნელოვანია, რომ ბაღების სააგენტო წესდების და აუდიტის დასკვნის საფუძველზე მოქმედებს და ამაზე დაყრდნობით იქნა გადაწყვეტილება მიღებული. ასე რომ, ვერ ვხედავ ვერაფერს ცუდს იმაში, რომ მათი საქმე შესაძლოა შეისწავლოს სახალხო დამცველმა. ეს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებაა. შეისწავლის და დადებს ალბათ შესაბამის დასკვნას, რომელსაც აუცილებლად გავეცნობით”, -განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის საბავშვო ბაღების გათავისუფლებული დირექტორები დღეს სახალხო დამცველს შეხვდნენ.