გიორგი ჩოგოვაძე - პროექტ check in Georgia-ს მიზანია ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში უფრო პოპულარული გახდეს

პროექტს check in Georgia-ს საქართველო გამოიყენებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში უფრო პოპულარული გახდეს , - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს, პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი, რომელიც მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება, უპერეცედენტოა, როგორც საერთაშორისო ვარსკვლავებით, ასევე იმ მასშტაბით, რომ მის ფარგლებში 19 ქალაქში 35 ფესტივალი ჩატარდება.

”საქართველო ამას გამოიყენებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო პოპულარული გახდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, მოვიზიდოთ ამ ფესტივალებისა და დიდი კონცერტების საშუალებით დამატებითი ტურისტები. წელს ამ სეზონზე ჩვენი მარკეტინგული კამპანიების ერთ-ერთი მთავარი მესიჯი ეს უდიდესი პროექტი იქნება. ასევე მნიშვნელოვანია ეს პროექტი იმ ტურისტებისთვისაც, რომლებიც უკვე საქართველოში არიან, ან იქნებიან. ის შეიძლება ამ კონცერტისთვის არ იყოს ჩამოსული, მაგრამ მას საშუალება ექნება დამატებითი შთაბეჭდილებები მიიღოს. ეს ასევე მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის, სასტუმროებისთვის, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში შეძლებენ დამატებითი ტურისტული პაკეტები შესთავაზონ კლიენტებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ”, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

გიორგი ჩოგოვაძე დარწმუნებულია, რომ წელს ძალიან წარმატებული ტურისტული სეზონი იქნება.