"პუტინის კაფე"

რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკში პატრიოტული კაფე გაიხსნა. მიმტანები აქ „პუტინის გუნდიდან“ არიან, კედლებზე პრეზიდენტის პორტრეტებია, კოქტეილებს კი რუსეთის დროშის ფერებში ამზადებენ.

„პრეზიდენტ-კაფე“ რუსეთის მოქალაქე სვეტლანა ლაუტმანმა გახსნა, რომელიც მანამდე აშშ-ში სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

რუსეთის პრეზიდენტის გარდა, კედლებზე რუსული ფილმების ამსახველი სურათებია გამოკრული. აქ შეგხვდებათ ცნობილი რუსი სპორტსმენების, რუსული „კამაზების“, ელექტროსადგურებისა და გაგარინის სურათები.

კაფეში ასევე განთავსებულია აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსა და სხვა მსოფლიო ლიდერების bpnპორტრეტები, რომელთა ქვეშ შავი მარკერი დევს.

კაფეს სტუმრებს შეუძლიათ, შავი მარკერით მსოფლიო ლიდერების სურათები კარიკატურებად აქციონ, მიუხატონ რქები ან ულვაშები.

საპირფარეშოს წინ დაგებული ხალიჩა აშშ-ის დროშის ფერებშია, ტუალეტის ქაღალდი კი ბარაქ ობამას გამოსახულებით.

12 საათზე კაფეში რუსეთის ჰიმნს უკრავენ, დაწესებულებაში მყოფი სტუმრები ამ დროს ფეხზე დგებიან და მღერიან.

რაც შეეხება სამზარეულოს, კაფეს მფლობელის რუსული კულტურისადმი დიდი სიყვარულის მიუხედავად, აქ კავკასიური და ევროპული კერძები იყიდება.