შვეიცარიამ ე.წ. პანამის დოკუმენტებზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო

შვეიცარიამ ე.წ. პანამის დოკუმენტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ შვეიცარიის გენერალურმა პროკურორმა ოლივიე ჟორნომ განაცხადა.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, პანამის დოკუმენტებთან დაკავშირებით გამოძიება დავიწყოთ, თუმცა დეტალებზე საუბარი ჯერ არ შემიძლია“, - განმარტა პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მანამდე, პანამის პრეზიდენტმა ხუან კარლოს ვარელამ განაცხადა, რომ ქვეყნის ფინანსური სისტემის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნება საერთაშორისო საექსპერტო კომისია.

ე.წ. პანამის დოსიე შეიცავს მილიონობით დოკუმენტს, სადაც საუბარია მსხვილ ოფშორულ გარიგებებზე, რომელიც პანამის ტერიტორიაზე ხორციელდებოდა. დოკუმენტებში 72 მოქმედი ან ყოფილი მსოფლიო ლიდერი, ასევე მაღალჩინოსანი, ბიზნესმენი და სპორტსმენი ფიგურირებს.