ევროკავშირი აშშ-სა და კანადის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების საკითხს განიხილავს

ევროკავშირი აშშ-სა და კანადის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ ინფორმირებულმა წყარომ ბრიუსელიდან აცნობა.

წყაროს თანახმად, საკითხზე მსჯელობა იმის გამოა დაწყებული, რომ აშშ-სა და კანადას არ სურთ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი სავიზო რეჟიმი გააუქმონ.

ამჟამად, ამ ორ ქვეყანაში ჩასასვლელად ვიზა რუმინეთის, ბულგარეთის, ხორვატიის, კვიპროსისა და პოლონეთის მოქალაქეებს სჭირდებათ.

წყაროს ცნობით, ევროკომისია აშშ-სა და კანადის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე მომავალ სამშაბათს იმსჯელებს.

„ამ მნიშვნელოვან საკითხზე პოლიტიკური დებატები და გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია. მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ ევროკავშირი აშშ-სა და კანადისთვის სავიზო რეჟიმს დააწესებს“, - აცხადებს წყარო.

„როიტერი“ წერს, რომ სავიზო რეჟიმის დაწესება დაძაბავს ურთიერთობას ქვეყნებს შორის იმის ფონზე, რომ ევროკავშირი და აშშ თავისუფალი ვაჭრობისა და საინვესტიციო პარტნიორობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

აღნიშნული დოკუმენტის მიღებით შემცირდება ტარიფები და მოიხსნება ბარიერები ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ს ბიზნესს შორის.

უახლოეს პერიოდში ევროპაში ვიზიტს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა გეგმავს.