ირლანდიაში საქართველოს საელჩოში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

დუბლინში, ირლანდიაში საქართველოს საელჩოში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, რომლის სახელწოდება იყო Welcome to Georgia.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა და მას ირლანდიის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის (ITAA) ტურისტული სააგენტოებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, გიორგი ზურაბაშვილმა და ქართული ტურისტული სააგენტოს Caucasus Travel დამფუძნებელმა, რომელიც ირლანდიას საგანგებოდ აღნიშნული პრეზენტაციისათვის ეწვია.

მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების, თანამედროვე ინფრასტრუქტურის, ტურისტული აქტივობების მრავალფეროვნების, ზაფხულისა და ზამთრის კურორტების შესახებ.

პრეზენტაციაზე აჩვენეს საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლები და დაარიგეს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამსახველი თემატური ბროშურები. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა მიღება, სადაც სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული ყველისა და ღვინის ნაირსახეობები.