სემეკი ე.წ. ნეტო აღრიცხვასთან დაკავშირებით გამოკითხვას აწარმოებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ე.წ. ნეტო აღრიცხვასთან დაკავშირებით გამოკითხვას აწარმოებს.

როგორც სემეკში აცხადებენ, მისი მიზანია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურთან (ე.წ. ნეტო აღრიცხვა) დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის დონის განსაზღვრა.

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, განისაზღვრა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, (ე.წ.ნეტო აღრიცხვა) - საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას და რომლის სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია, მომხმარებლის მიერ გამოიყენება საკუთარი მოხმარების დასაკმაყოფილებლად, ხოლო ჭარბი ელექტროენერგია მიეწოდება გამანაწილებელ ქსელს”, -აცხადებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში.

მათივე ინფორმაციით, ე.წ. ნეტო აღრიცხვის საქმიანობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ცვლილებები შევა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორმატიულ აქტებში - განაწილების ქსელის წესებსა და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში.

გამოკითხვა მიმდინარეობს კომისიის ვებ-გვერდზე (www.gnerc.org) და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია შემდეგი ლინკის საშუალებით: http://gnerc.org/ge/media-klubi/gamokitkhva