ქვეყნები საუკეთესო საპენსიო სისტემით

პენსია პირველად გერმანიაში, კანცლერ ბისმარკის პოლიტიკის წყალობით დაწესდა. ეს 1889 წელს მოხდა და პენსია 70 წლის ადამიანებს დაუწესდა.

თუმცა, მაშინ გერმანიაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 45 წელი იყო, ამიტომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეღავათით ერთეულები სარგებლობდნენ.

1953 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ადენაუერმა საპენსიო სისტემის რეფორმირება გადაწყვიტა. უპირველეს ყოვლისა, საპენსიო ასაკი 65 წლამდე დაწიეს, ასევე დაწესდა "თაობათა სოლიდარობის" პრინციპი, რომლის მიხედვით, დასაქმებული და დამსაქმებელი ასაკოვანი ადამიანების სასარგებლოდ თანხებს რიცხავდნენ.

თანამედროვე სამყაროში სხვადასხვა ქვეყანა საპენსიო სისტემის განსხვავებულ მოდელს იყენებს. განვითარებული ქვეყნებში ძირითადად მოქმედებს დაგროვებით-გამანაწილებელი სისტემა, რაც მაღალ პენსიებს უზრუნველყოფს.

გლობალური საპენსიო ინდექსის თანახმად, ყველაზე განვითარებული და სანდო საპენსიო სისტემა დანიაშია. ამ ქვეყანაში საპენსიო ასაკი 65 წელს შეადგენს, თუმცა, ბევრი პენსიონერი შრომით საქმიანობას ამ ასაკის მიღწევის შემდეგაც განაგრძობს. დანიაში პენსიები ფიქსირებული არ არის. იგი დგინდება მოქალაქის შრომითი სტაჟისა და დანიაში ნაცხოვრები წლების ოდენობის მიხედვით.

სახელმწიფო პენსიის გარდა, მოქალაქეები ხშირად მიმართავენ დაგროვებით სისტემას, ანუ შრომითი საქმიანობის პერიოდში ხელფასის გარკვეულ ნაწილს ფონდში რიცხავენ. პენსიაზე გასვლის შემდეგ მათ ეს თანხა ერთიანად უბრუნდებათ. დანიაში პენსიის საშუალო ოდენობა 2 800 დოლარია, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 78,3 წელი.

საუკეთესო საპენსიო სისტემების მქონე ქვეყნების რეიტინგის პირველ სამეულში არიან ნიდერლანდები და ავსტრალია.

ავსტრალიის საპენსიო სისტემა სახელმწიფო და კერძო პენსიისგან შედგება. სახელმწიფო - ტრადიციული პენსიაა, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტისგან და ერიცხება 65 წელს მიღწეულს მოქალაქეებს.

სახელმწიფო პენსია ფიქსირებულია და დაახლოებით 500 აშშ დოლარს შეადგენს, ის არის დამოკიდებული სამუშაო სტაჟსა და ხელფასის ოდენობაზე დასაქმების პერიოდში. ამ პენსიის მთავარი დანიშნულება ასაკოვანი ავსტრალიელის სასიცოცხლო მინიმუმით უზრუნველყოფაა. მნიშვნელოვან როლს ასრულებს კერძო საპენსიო ფონდები, სადაც თანხის გადარიცხვა ავსტრალიის მოქალაქეს პენსიაზე გასვლამდე შეუძლია.

ნიდერლანდებში კი სამდონიანი საპენსიო სისტემა მოქმედებს. პირველი დონე ბაზისურია და სახელმწიფო, გამანაწილებელ საპენსიო სისტემას გულისხმობს, ანუ პენსიები უზრუნველყოფილია მუშაკთა შენატანით.

სახელმწიფო პენსია ერიცხება ნიდერლანდების ყველა მოქალაქეს, რომელმაც 65 წლის ასაკს მიაღწია და იგი 1 000 ევროს აღემატება. ამასთანავე, პენსიონერისთვის გათვალისწინებულია 700 ევროს ოდენობის თანხა შვებულებისთვის.

პენსიის მეორე დონე წარმოადგენს საპენსიო შენატანს, რომელსაც მუშაკი და დამსაქმებელი იხდიან შრომითი საქმიანობის განმავლობაში, გარდა ამისა, არსებობს საპენსიო დანაზოგის სისტემაც, რომელსაც მოქალაქე შრომითი საქმიანობის პერიოდში აგროვებს, ხოლო პენსიაზე გასვლის დროს ერთიან თანხად იღებს.

საპენსიო სისტემის კუთხით მოწინავე პოზიციებს სკანდინავიის ქვეყნებიც იკავებენ.

შვედეთში პენსია სამი კომპონენტისგან შედგება. ესენია პირობით-დაგროვებითი, დაგროვებითი და გარანტირებული (სავალდებულო მინიმუმი). პირობით-დაგროვებითი ყალიბდება მუშაკთა შენატანით, რაც ხელფასის 16%-ია. ეს თანხა ანგარიშზე ირიცხება სახელმწიფო ვალდებულებების სახით, რომელიც იცვლება ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული და ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით. დაგროვებითი ნაწილი ასევე დამოკიდებულია მუშაკის ხელფასზე, მაგრამ ეს უკვე მის ანგარიშზე განთავსებული თანხაა. შვედეთში საშუალო პენსია 830 აშშ დოლარია.

განაგრძეთ კითხვა