სემეკმა მოქალაქეებს 800 000 ლარზე მეტი ჩამოაწერა

სემეკმა 2016 წლის პირველ კვარტალში მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები, ჯამში 855 106 ლარი ჩამოაწერა.

როგორც სემეკში აცხადებენ, კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა და ენერგოომბუდსმენის სამსახურის მიერ შესწავლილი და საჯარო სხდომებზე წარმოდგენილი მოქალაქეთა საჩივრები სტანდარტულად შეეხებოდა ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ კომპანიის მიერ მიღებულ დადგენილებას, უსაფუძვლოდ განხორციელებულ დარიცხვებს, მრიცხველის საფასურს, ხანდაზმულ დავალიანებებს.

მათივე ინფორმაციით, პირველ კვარტალში კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში მოქალაქეთა 451 განცხადება/საჩივარი შევიდა. აქედან ბუნებრივ გაზთან დაკავშირებით - 209; ელექტროენერგიასთან დაკავშირებით - 189; სასმელ წყალთან დაკავშირებით 52 განცხადება/საჩივარი.

ბუნებრივი გაზის სექტორში ყველაზე მეტი - 201 განცხადება/საჩივარი შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ მიმართ დაფიქსირდა; ელექტროენერგეტიკის სექტორში - სს ,,თელასის” მიმართ - 160 განცხადება/საჩივარი; სასმელი წყლისა და წყალარინების სექტორში - შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიმართ - 39 განცხადება/საჩივარი.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე კომისიის Facebook-ის გვერდზეც.