ბაგა-ბაღების ყოფილი დირექტორები მათი გათავისუფლების მიზეზების დასადგენად კომისიის შექმნას ითხოვენ

თბილისის ბაგა-ბაღების ყოფილი დირექტორები მათი გათავისუფლების მიზეზების დასადგენად საზოგადოებრივი კომისიის შექმნას და პრობლემებზე დისკუსიის დაწყებას ითხოვენ.

თბილისის საბავშვო-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის და აუდიტის დასკვნის შედეგად თანამდებობიდან გათავისუფლებული დირექტორების ნაწილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას მიმართვა გააცნო.

მიმართვის ტექსტი პრესკონფერენციაზე #6 ბაგა-ბაღის გათავისუფლებულმა დირექტორმა თამარ ბაქრაძემ წაიკითხა. მიმართვაში ნათქვამია, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო რეფორმების ხელშეწყობის ნაცვლად ბაგა-ბაღებში მიმდინარე რეფორმებს დაუპირისპირდა, რაც პროფესიონალური კადრების სისტემატური გათავისუფლებით გამოიხატება,” მაშინ როდესაც პარალელურად ხდება სააგენტოს თანამშრომელთა რაოდენობის ხარჯების 1/3-ით გაზრდა და ნეპოტიზმის საფუძველზე არაპროფესიონალების თანამდებობაზე დანიშვნა”.

გათავისუფლებული ბაგა-ბაღების დირექტორები კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც მათი გათავისუფლების მიზეზებს და სააგენტოს საქმიანობას შეამოწმებს.

„თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საქმიანობის შემოწმება ნებისმიერი მიუკერძოებელი კომისიის მიერ ნათელს მოჰფენს რეალობას, რომ რა საბაბითაც მოხდა დირექტორების გათავისუფლება, არის მართვის სტანდარტული პრაქტიკა, რომელიც დანერგილია სააგენტოს მიერვე, მის დაქვემდებარებულ უკლებრივ ყველა ბაღში და შესაბამისად, ამ პრაქტიკის გამოყენების გამო დირექტორების დასჯა, სულ ცოტა, არაადეკვატურია“, - ნათქვამია მიმართვაში.

მასში ასევე ნათქვამია, რომ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მხრიდან ბაღის მოქმედი დირექტორების სააგენტოში დაბარება, დაშანტაჟება და დაშინება ხდება. გათავისუფლებული დირექტორების განცხადებით, ამიტომ არის, რომ ბევრი მათგანი ღიად საუბარს ვერ ბედავს არსებულ პრობლემებზე. გათავისუფლებულმა დირექტორებმა პრესკონფერენციაზე არსებული პრობლემების გარშემო პროფესიული დისკუსიის დაწყებაც ითხოვეს. ისინი აცხადებენ, რომ მომავალი კვირიდან სააგენტოსთან დავას სასამართლოში გააგრძელებენ.

ყოფილი დირექტორები მათ გათავისუფლებას ხელოვნურად შექმნილ სიტუაციას უწოდებენ და გათავისუფლების პოლიტიკურ მიზეზებზე საუბრობენ.

„ჩემი ოჯახის სამი წევრი გაათავისუფლა ამ მთავრობამ სამსახურიდან. მეოთხე ვიყავი მე დარჩენილი. სამი წელი ვერ გამათავისუფლეს, მაგრამ ახლა აუცილებელი იყო ჩემი გათავისუფლება, რადგან მათი აზრით, საარჩევნოდ ჩემი ადგილი ნამდვილად არ იყო ჩემთვის შესაფერისი. მსგავს მდგომარეობაში არის კიდევ რამდენიმე დირექტორი“ , - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას #9 ბაგა-ბაღის ყოფილმა დირექტორმა ირმა გიორგაძემ.

მისივე თქმით, იგი თანამდებობიდან ბაღში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გათავისუფლდა და აპირებს სასამართლოს სარჩელით მიმართოს.