ნოდარ ხადური - რეგიონში მიმდინარე პროცესების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდება

რეგიონში მიმდინარე პროცესების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა შესრულებული და შეუსრულებელი დაპირებების კომენტირებისას განაცხადა.

„იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც რეგიონში არსებობს, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რათა ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და მიუხედავად იმისა, რა ხდება რეგიონში, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდება“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა თავად საარჩევნო სიაში, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები იქნება ან არ იქნება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომ შესაძლოა ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური დაინიშნოს, ხადურმა აღნიშნა, რომ ძალიან პლურალისტური გარემოა, თავისუფალი არჩევნები ჩატარდება, ამიტომ მეორე ტური გამორიცხული არ არის.

„ძალადობა არ არის და არც იქნება. საარჩევნო გარემო იქნება ისეთი, რომ ადამიანმა საკუთარი სინდისით და გონების კარნახით მიიღოს გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთთან“, - აღნიშნა ხადურმა.