დიმიტრი ქუმსიშვილი - ერთ-ერთი დიდი პრობლემა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, პროფესიული კადრებია

ერთ-ერთი დიდი პრობლემა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, არის პროფესიული კადრები როგორც ქალაქებში, ასევე რეგიონებში , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა “საჯარო-კერძო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში“ – პროფესიული განათლების რეფორმის ახალი ინიციატივის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზენტაციას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ასევე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ესწრებოდნენ.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, რომლის ხელშეწყობითაც უნდა მოხდეს შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიების გამოვლენა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

”მთავრობის ოთხ პუნქტიან რეფორმებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სწორედ განათლების რეფორმას, განათლების რეფორმის ნაწილში კი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის პროფესიული განათლება. ეს მოგვცემს საშუალებას, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მივიღოთ ის პროფესიონალები, რომლებიც პრაქტიკულად ჯერ კიდევ სწავლის პროცესში საქმდებიან და სწავლის დამთავრების შემდგომ მათ გარანტირებული სამუშაო აქვთ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ვიცე-პრემიერის შეფასებით, ერთ-ერთი დიდი პრობლემა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, არის პროფესიული კადრები, როგორც ქალაქებში, ასევე რეგიონებში.

”აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესია ამ, ასე ვთქვათ, სიცარიელის ამოსავსებად. მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით იქნება საჯარო და კერძო პარტნიორობა, რაც წარმატების შანსებს უფრო მეტად ზრდის. შესაბამისად, ჩვენ ყველანი ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პროექტი იყოს ძალიან წარმატებული, ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღოს პროფესიული განათლება და დასაქმდეს უკვე თავისი განათლების და შესაძლებლობების მიხედვით“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

როგორც პრეზენტაციაზე განაცხადეს, ინიციატივა “საჯარო-კერძო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში“ გულისხმობს პროფესიულ განათლებაში რეფორმის გატარებას, რომლის შედეგად შესაძლებელი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (WORK-BASED LEARNING) მიდგომის დანერგვა, დამსაქმებლის ჩართულობით საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა, საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერება, შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიების გამოვლენა და პროფესიულ კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის ზრდა.

“საჯარო-კერძო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში“ ინიციატივის პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი (MCA) - საქართველოს მხარდაჭერით გაიმართა.