რა რისკებს შეიცავს საქართველოსთვის ოფშორულ ზონებთან კავშირი - სპეციალისტების რეკომენდაციები ამ საფრთხის შემცირებაზე

საგადასახადო შეღავათები, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობისთვის თავის არიდება, უკანონო საქმიანობა - ასეთია ძირითადი მიზეზები, რის გამოც მსოფლიო ლიდერები თუ ბიზნესსექტორის წარმომადგენლები საკუთარი ფინანსების სამართავად ოფშორულ ზონებს ირჩევენ. ამ კუთხით გამონაკლისი არც საქართველოა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოდან ოფშორებში ფულის გადინება და პირიქით, კაპიტალის შემოდინება ძირითადად 2004 წლიდან შეინიშნება. მაგალითად, ყველაზე დიდი მოცულობით, თითქმის 150 მილიონი დოლარი საქართველოში კვიპროსიდან 2007 წელს შემოვიდა. 2013 წელს კი კვიპროსში საქართველოდან 106 მილიონი დოლარი გავიდა. ფინანსების მოძრაობა აქტიურად შეინიშნება საქართველოსა და ოფშორული ზონების მქონე სხვა ქვეყნებშიც - ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ვირჯინიისა და კაიმანის კუნძულები. რა რისკებს შეიცავს საქართველოსთვის ოფშორულ ზონებთან კავშირი და როგორ უნდა შემცირდეს ეს საფრთხე - სპეციალისტებს კონკრეტული რეკომენდაციები აქვთ.