რაჭაში პროგრამის „დანერგე მომავალი” ფარგლებში 7 ჰექტარზე ახალი კაკლის ბაღები გაშენდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ველიშიორი“ სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ 2016 წლის 1 თებერვალს ჩაერთო და 7 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 29,389.00 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.

კოოპერატივის მიერ კაკლის ბაღის გაშენების პროცესს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ მენეჯერი ლევან დოლიძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორ პარმენ მარგველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, გასაშენებელი ფართობი, დღეის მონაცემებით, შეადგენს 1296 ჰა-ს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 6,5 მილიონ ლარს აღემატება.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა, ბაღის გაშენების შემთხვევაში, ნერგების ღირებულების 70%-ს, წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს და სანერგე მეურნეობის შემთხვევაში, მეურნეობის შექმნის ღირებულების 50%-ს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე