ინგლისში ერთ-ერთი სოფელი 20 მილიონ გირვანქად იყიდება

ინგლისის ჩრდილოეთ იორკშირში მდებარე სოფელი ვესტ ჰესლრტონი 20 მილიონ გირვანქად იყიდება. ქალაქ მალტონთან ახლოს მდებარე სოფელს აქვს 21 საძინებლიანი სასახლე, პაბი, ბენზინგასამართი სადგური, 43 კოტეჯი და ჯამში 2,116 აკრი მიწა.

სოფელი, რომელსაც ბოლო 150 წლის განმავლობაში ერთი ოჯახი ფლობდა, მისი მესაკუთრის გარდაცვალების შემდეგ გასაყიდად გაიტანეს.

კომპანია Cundalls-ის მაკლერების განცხადებით, სოფლის გაყიდვამ დიდი დაინტერესება გამოიწვია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. კომპანიის წარმომადგენლის ტომ ვოტსონის თქმით, სოფლის მფლობელი მის ივი დაუნი შესანიშნავი ქალბატონი იყო და სოფლის მცხოვრებლები იმედს გამოთქვამენ, რომ მამულის ახალი მფლობელიც მისნაირი კარგი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ვესტ ჰესლერტონში ასევე არის ეკლესია, სკოლა და სათამაშო მოედანი პავილიონით.

ცნობისათვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა სოფლების გაყიდვისა:

2009 წელს ჰემპშირში მდებარე სოფელი ლინკენჰოლტი 25 მილიონად გაიყიდა, მასში შემავალი 22 კოტეჯით, 1500 აკრი სამეურნეო მიწითა და სხვა ობიექტებით.

2014 წელს 18 მილიონ გირვანქად კიდევ ერთი სოფელი ლიტლ როლრაითი 500 აკრი მიწის ნაკვეთითა და რამდენიმე სახლით გაიყიდა, ხოლო 750 აკრიანი ზღვისპირა სოფელი ბენტამი 20 კოტეჯით 11 მილიონად გაიყიდა.

კოკა კვირკველია