როგორ გადმოყავთ რუსეთიდან საქართველოში მანქანები თაღლითური სქემით

საქართველოს მოქალაქემ, რომელმაც კანონიერად შეიძინა ავტომობილი, შესაძლოა, უეცრად შეიტყოს, რომ მისი მანქანა საერთაშორისო ძებნაშია(?!)

ბოლო დროს ავტოდილერები ადგილობრივ ავტობაზარზე მოქმედ თაღლითურ სქემაზე ლაპარაკობენ. მათი ინფორმაციით, საქართველოში მომრავლდა რუსეთიდან ჩამოყვანილი სხვადასხვა მარკის ავტომობილები, რომლებიც საბაზრო ფასზე შედარებით იაფად იყიდება. დილერების განმარტებით, ავტომობილები რუსეთიდან კერძო პირებს ჩამოჰყავთ, მათ შორის იმ ქართველებს, რომლებიც რუსეთში­ ლეგალურად ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ, მანქანა საბანკო კრედიტით შეიძინეს და საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტეს. ისინი ამ ავტომობილებით საქართველოში ჩამოდიან, მანქანას ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან და აღარც რუსეთში აღებულ კრედიტზე დარდობენ, რადგან ისინი უკან დაბრუნებას აღარ აპირებენ. ისიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ავტოსესხის გამო ამ პირებზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს. მოკლედ, საქართველოში "გადმობარგებისას" ზოგიერთი ქართველი "უფასო" მანქანასაც აყოლებს ხელს და აქ რა ფასადაც უნდა გაყიდოს, მაინც დიდი მოგება დარჩება.

ჩვენ საქმეში ჩახედულ რამდენიმე პირს დავუკავშირდით. დეტალების გარკვევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სხვაგვარი თაღლითური სქემაც მოქმედებს - უფრო რთული და ჩახლართული. ისიც ირკვევა,­ რომ საქართველოში ამ აფერის აღმოფხვრის ბერკეტი, ფაქტობრივად, არ არსებობს. სქემა, რომელიც გავშიფრეთ, ასე მუშაობს: რუსეთის ფედერაციაში რუსეთის­ მოქალაქე (რომელიც სულაც არ არის აუცილებელი, ქართველი იყოს) კრედიტით, ანუ ლიზინგით ან განვადებით, ახალ ავტომობილს ყიდულობს,­ შემდეგ მიდის სადაზღვევო კომპანიაში და მანქანას მაქსიმალური ღირებულებით აზღვევს. ყველაზე საინტერესო ამის შემდეგ­ იწყება. თაღლითური სქემის მონაწილე სუბიექტები კორუფციული გზით ამზადებენ ავტომობილის ტრანზიტულ ნომრებს და სხვა საჭირო დოკუმენტაციას უკვე მეორე­ პირზე, ე.წ. შუამავალზე, რის საფუძველზეც შესაძლებელი ხდება ამ ავტომობილით საზღვრის გადმოკვეთა. საქმე ის არის, რომ ყალბი საბუთების მფლობელი სააღრიცხვო ბაზებში არ ფიქსირდება.

იხილეთ სრულად