ნანა დუკაშვილი-ზემლოკი საინგილოში დაბადებული ქართველია, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და ცდილობს, სხვა კონტინენტზე შექმნას პატარა საქართველო, პატარა საინგილო, რათა მომავალ თაობას წარმომავლობა არ დაავიწყდეს.
- ამერიკაში, კონექტიკუტის შტატში, 2006 წლიდან ვცხოვრობ. მყავს მეუღლე - მაიკლ ზემლოკი და ორი ვაჟი, ბექა და ნიკოლასი. რომ გავთხოვდი, ქმარს ვუთხარი: მე ქართველი ვარ და ეზოში ვაზი უნდა მქონდეს-მეთქი. საქართველოდან მამაჩემის დამყნილი ვაზი წამოვიღე და გავახარე, უკვე მოსავალს გვაძლევს ქართული მსხალი და ლიმონი. ჩემს მშობლებს ყვავილები ძალიან უყვართ და მეც შემაყვარეს, ამიტომ შროშანების დიდი ბაღი გავაშენე.
- როგორ ამრავლებთ შროშანს?
- შროშანის პატარა ბოლქვებს ტორფიან მიწაში ვრგავ, შემდეგ პოლიეთილენის პარკებში ვინახავ და ბოლქვები სრულყოფილი რომ გახდება, სპეციალურ კონტეინერში ვათავსებ. ამერიკიდან ონლაინრეჟიმში მონაწილეობა მივიღე კონკურსში, რომელიც საქართველოში იმართებოდა და გავიმარჯვე. "ქართულმა ბაღმა უცხო მიწაზე" პირველი ადგილი მოიპოვა. შროშანს არ უყვარს ნესტიანი ნიადაგი, გადარგვისას კი მიწა ფხვიერი უნდა იყოს. სასუქი სჭირდებათ წელიწადში სამჯერ: ადრე გაზაფხულზე, სანამ იყვავილებს და შემოდგომაზე. მოკრეფისას ღერო მთლიანად არ უნდა მოჭრათ, რადგან ბოლქვი ამ ღეროთი იკვებება და აგროვებს მინერალებს.