Tesla-ზე მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბა

ბოლო ერთი კვირაა საავტომობილო სამყაროში ყველაზე ხშირად ერთი ავტომწარმოებლის - "ტესლას" და მისი ბოლო მოდელის  - Model 3-ის სახელი ისმის.

კომპანია, რომელმაც 31 მარტს მსოფლიოს “ტესლას” ახალი მესამე მოდელი წარუდგინა, შეკვეთებს ვერ აუდის. წარდგენიდან ერთ დღე-ღამეში კომპანიამ რეკორდული -  135 ათასი შეკვეთა მიიღო, დეპოზიტზე 1000 დოლარის შენატანით თითოეულ შეკვეთაზე. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ  ერთი კვირის თავზე შეკვეთებმა  325 ათასი ერთეული შეადგინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პალო ალტოში მდებარე კომპანიის შემოსავლებმა მხოლოდ სადეპოზიტოდ შეტანილი თანხის მიხედვით, უკვე შეადგინა 325 მილიონი დოლარი. ხოლო მისგან მიღებული საბოლოო შემოსავალი, რომელიც ავტომობილის სასტარტო ღირებულებას - 35 000 დოლარს პლუს 7 500 დოლარიან სუბსიდიასაც ითვალისწინებს, სულ ცოტა 11,375 მილიარდი დოლარის შემოსავალს უტოლდება. შესაბამისად, გენიოსად მიჩნეული ილონ მასკის პროექტმა, შეიძლება ითქვას, რომ ჩანასახშივე გაამართლა.

მაგრამ არის ერთი დიდი პრობლემა - კომპანიის მოდელებისადმი მზარდი დაინტერესების მიუხედავად, Tesla ვერ ახერხებს კლიენტებისთვის ავტომობილების დროულ მიწოდებას მისი „მწირი“ წარმოების გამო. მაგალითისთვის, მიმდინარე წელს გაწერილი პროგრამით კომპანია გეგმავს 90,000 ათასი ავტომობილის რეალიზებას. შეკვეთების ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში კი მყიდველებს სასურველი ავტომობილისთვის რიგში დგომა არათუ თვეობით, არამედ წლობითაც მოუწევთ...

თუმცა ვრცელდება იმედისმომცემი ინფორმაციებიც, მაგალითად, საფრანგეთმა ამერიკულ კომპანიას შესთავაზა საკუთარი უკვე გაჩერებული ყოფილი ატომური საწარმო, სადაც შესაძლებელია ავტომობილების წარმოების დაწყება. პარალელურად კი აქტიურად მიმდინარეობს თავად კომპანიის „გიგა-ქარხნის“ მშენებლობაც.

კოკა კვირკველია