NDI - გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ საქართველოში ცუდი ეკონომიკური მდგომარეობაა

NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის შეფასებით, საქართველო ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება.

ასეთია ”ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის შედეგები, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო ”რუმსში” ამ წუთებში მიმდინარეობს.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე, როგორია საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა, რესპონდენტთა 1 %-მა აღნიშნა, რომ ”ძალიან კარგი”, 2 %-ის შეფასებით ”კარგი”, 29 %-ის აზრით ”საშუალო”, 40 % მიიჩნევს, რომ ”ცუდი”, 26 % ფიქრობს, რომ ”ძალიან ცუდი”, 2 %-მა კი შეკითხვაზე პასუხი არ იცის.

გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.

ამასთან, გამოკითხულთა 53%-ის აზრით, საქართველოში ეკონომიკური პრობლემების მთავარი გამომწვევი მიზეზი გლობალური ეკონომიკური პრობლემებია. რესპონდენტთა 61 %-ის აზრით, ეს ახლანდელი მთავრობის შეცდომებს უკავშირდება, 59 %-ის ვარაუდით კი, შექმნილი ვითარება წინა მთავრობის შეცდომებითაა გამოწვეული.