მაისიდან ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი განხორციელდება

დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი 8 000 ლარით დაჯარიმდება.

მაისიდან ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი განხორციელდება. შესაბამისი სანქცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უკვე შევიდა.

საწვავის ხარისხს სამი უწყება - გარემოსდაცვის ზედამხედველობის სამსახური, ენერგეტიკის სამინისტრო და შემოსავლების სამსახური გააკონტროლებს.

როგორც გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის მთავარმა ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, დადგენილია ნორმები, რომლის დარღვევის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი 8 000 ლარით დაჯარიმდება.

,,მთავრობის დადგენილებით, ბენზინისა და დიზელის ხარისხობრივი ნორმები 1 იანვრიდან განისაზღვრა. ამ ეტაპზე კი ჩამოყალიბდა საქართველოს ტერიტორიაზე საავტომობილო საწვავის იმპორტისას, წარმოებისას ან მიწოდებისას დადგენილი ნორმების დარღვევასთან დაკავშირებული სანქციები”, - აღნიშნა ნელი კორკოტაძემ.

მისივე თქმით, რეალიზატორებისა და ნავთობიმპორტიორი კომპანიებისთვის ხარისხის დადგენილი ნორმები უკვე ცნობილია.

როგორც გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, ბენზინგასამართი სადგურებისა და საცავების შემოწმება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდება. ინსპექტორები მთელი საქართველოს მასშტაბით ნავთობიმპორტიორებს სხვადასხვა პერიოდულობით გააკონტროლებენ. საწვავის ხარისხსთან შესაბამისობას კი ლაბორატორიული კველევა დაადგენს.

ნელი კორკოტაძის თქმით, მიმდინარე წელს საწვავის ხარისხის ინტენსიური კვლევები განხორციელდება.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე