ლადო ჭანტურია თბილისში გერმანიის ეკონომიკური ასოციაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია, თბილისში გერმანიის ეკონომიკური ასოციაციის წევრებს შეხვდა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ელჩმა გერმანულ-ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა გერმანიაში საქართველოს საელჩოს საქმიანობისა და იმ ღონისძიებების თაობაზე, რასაც საელჩო გერმანელი ინვესტორების საქართველოთი დაინტერესებისთვის ახორციელებს.

მათივე ინფორმაციით, ლადო ჭანტურიამ ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე და ბიზნესმენებს ინფორმაცია მიაწოდა აღნიშნული მიმართულებით არსებული პოტენციალის თაობაზე.

შეხვედრაზე ლადო ჭანტურიამ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში გერმანელ მეწარმეთა რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.

თბილისში გერმანიის ეკონომიკური ასოციაციის წარმომადგენლებმა საქართველოს ელჩი გერმანიაში წლიურ საერთო კრებაზე მიიწვიეს.