აზერბაიჯანის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდი ილჰამ ალიევმა მეუღლესთან ერთად დაათვალიერა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 6-9 აპრილს რეგიონის ტურისტული პოტენციალი ბაქოში გამართულ მე-15 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში "AITF 2016" წარადგინა.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად იმყოფებოდა. საქართველოს სტენდი აზერბაიჯანში ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მეუღლესთან ერთად დაათვალიერა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის სტენდზე მისულ ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის შესახებ მომზადებულ მრავალფეროვან სარეკლამო მასალებს გასცნობოდნენ და აჭარაში არსებული ტურისტული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ.

”ბაქოს გამოფენაზე "AITF 2016" 42 ქვეყნის 300-ზე მეტი ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენის ვიზიტორებს ექსკლუზიურ შემოთავაზებებს ტურისტული ორგანიზაციები, სასტუმრო სექტორი, სანატორიუმები, გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრები, სპორტული და ეკოლოგიური ტურისტული ობიექტები წარუდგენდნენ.

აზერბაიჯანი ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია. ტურიზმის დეპარტამენტი აზერბაიჯანში გარდა გამოფენაში მონაწილეობისა, 10 აპრილიდან 31 მაისამდე სარეკლამო კამპანიას ახორციელებს. კამპანია მოიცავს როგორც გარე რეკლამას, ეკრანებზე სარეკლამო რგოლების გაშვებას ბაქოს ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე ქალაქის მუნიციპალური ავტობუსების ბრენდირებას აჭარა-ბათუმის სარეკლამო აფიშებით”, - აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, პიარ და მარკეტინგული აქტივოებები ასევე მოიცავს ინტერნეტ რეკლამას, პრეს და ინფო ტურების ორგანიზებას, აზერბაიჯანში ორ დიდ სავაჭრო ცენტრში პრომოაქციების მოწყობასა და ყველაზე რეიტიგნულ რადიოში „მედია FM” რეკლამის გაშვებას.