სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში საბუთების მიღება დასრულდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, კონკურსში მონაწილეობის მსურველთა დოკუმენტაციის მიღება 2016 წლის 11 აპრილის 19:00 საათამდე მიმდინარეობდა. განაცხადი, კონკურსში მონაწილეობის თაობაზე, სამმა კომპანიამ წარმოადგინა - „Mediafon Datapro“ LTD, შპს „მედიაპრო ჯორჯია“ და შპს „პორტირება - ჯი“.

კომისიის განმარტებით, საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის რეზიდენტ იურიდიულ პირს, რომელსაც სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების მომსახურება სულ ცოტა ორ ქვეყანაში განუხორციელებია და აღნიშნული მომსახურების უზრუნველყოფის წლიური საფასური არ აღემატება 500 000 ევროს.

სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი საკონკურსო საბჭო თერთმეტწევრიანი შემადგენლობით განისაზღვრა. საკონკურსო საბჭო დაკომპლექტებულია ხუთი კომისიის აპარატში დასაქმებული პირით, ხუთი ყველაზე მსხვილი ოპერატორის: შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“, შპს „ბილაინის“, სს „სილქნეტის“, შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენლებით და ერთი დამოუკიდებელი ექსპერტით.

საკონკურსო საბჭოს პირველი შეხვედრა იმართება 2015 წლის 12 აპრილს 15:00 საათზე, საბჭო გადაწყვეტილებას სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შერჩევის თაობაზე პირველი შეხვედრის გამართვიდან ათი სამუშაო დღის ვადაში მიიღებს. საკონკურსო საბჭოს მიერ შერჩეულ კომპანიას კონკურსში გამარჯვებულად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია თავისი გადაწყვეტილებით გამოაცხადებს, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მომსახურებით უზრუნველყოფს ყველა სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელ ოპერატორს.

კონკურსის გამოცხადების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.