საქართველოში ღვინის პირველი ონლაინ მაღაზია ამოქმედდა

ქართულ ბაზარზე სულ ახლახან ღვინის პირველი ონლაინ მაღაზია ,,ბინო” გამოჩნდა.

კომპანიამ პოზიციონირება მარტიდან დაიწყო. როგორც, bino.ge-ს დირექტორი ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, კომპანია მომხმარებლებს ჯერჯერობით, თბილისის მასშტაბით ემსახურება.

ამ ეტაპზე ,,ბინოს” ბაზაში 16-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანიაა გაწევრიანებული. როგორც ღვინის ონლაინ მაღაზიის დამფუძნებელი გიორგი ქუმსიაშვილი ამბობს, კომპანიების შერჩევა ხარისხისა და მოთხოვნის მიხედვით მოხდა. მისი თქმით, ,,ბინოს” წევრების რიცხვი თანდათან იზრდება.

მომავალში კომპანია გეოგრაფიული მასშტაბების გაზრდას გეგმავს. ონლაინ მაღაზიიდან ღვინის მიწოდება ეტაპობრივად რეგიონებში, შემდეგ კი შესაძლოა, ევროპასა და მეზობელ ქვეყნებშიც  განხორციელდეს.

,,პირველ რიგში, თავის დამკვიდრებას ადგილობრივ ბაზარზე ვგეგმავთ. ვაპირებთ, მომხმარებელს რაც შეიძლება მეტი კომფორტი შევუქმნათ. ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტი კომპანიის დამატებას ჩვენს ბაზაში”,  - აცხადებს გიორგი ქუმსიაშვილი.

ქრისტინე გამთენაძე

წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე