რუსთავში ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

რუსთავის მერიის სხდომათა დარბაზში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში” გახსნითი შეხვედრა გაიმართა.

პროექტს ქალაქ რუსთავის მერია, ნიდერლანდების მუნიციპალიტეტების ასოციაციასა და მუნიციპალიტეტების საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს. პროექტის გახსნით შეხვედრასა და პრეზენტაციას რუსთავის მერი დავით ჯიქია, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანჩულიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა გუგეშაშვილი, ნიდერლანდების მუნიციპალიტეტების ასოციაციის წარმომადგენელი ფლორტე ლინეკმპი, მუნიციპალიტეტების საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენელი ადამ ვაჟაკი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი სოფო ჯიქია, პროექტის კოორდინატორი რევაზ ბარბაქაძე, რუსთავის მერიის მრჩეველთა საბჭოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში” პრეზენტაცია პროექტის კოორდინატორმა რევაზ ბარბაქაძემ წარადგინა.

,,ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ასეთი მასშტაბური პროექტი მუნიციპალიტეტებში არ განხორციელებულა. პროექტის ძირითადი მიზანია მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა ბიუჯეტის ფორმირების პეროცესში, მათი ცნობიერების ამაღლება. პროექტი რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, მათ შორის, ითვალისწინებს ორი ახალი შენობის აშენებას, სადაც სადემონსტრაციოდ შერჩეული სამი ტერიტორიული ერთეული ე.წ. „სერვის პლიუსს“ განახორციელებს. პროექტის ფარგლებში მოხდება რუსთავის თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა გადამზადება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერება, საბიუჯეტო დაგეგმარების პროცესში მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობებიც განხორციელდება“, - განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.

რუსთავის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის პროექტის – „სამოქალაქო ორგანიზაციები და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში პროექტით – „მონაწილეობითი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ მიიღო მონაწილეობა და გრანტი მოიპოვა. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტი 416 665 ევროს შეადგენს, ხოლო რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური თანამონაწილეობა 10%-ს შეადგენს.