ევროკავშირში ექსპორტის პოტენციალის მქონე მეწარმეებისთვის ტრეინინგი გაიმართება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, აგრო-სასურსათო და საკვების გადამამუშავებელი სფეროს მცირე და საშუალო კომპანიების წარმომადგენლებისათვის, სასტუმროში „ციტრუსი“ სასწავლო კურსი SME Academy გაიმართება.

როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აცხადებენ, სასწავლო კურსის მიზანია ევროკავშირში ექსპორტის პოტენციალის მქონე კომპანიების დეტალური ინფორმირება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ძალაში შესვლის შემდეგ ამოქმედებული მოთხოვნებისა და სტანდარტების შესახებ. ექსპორტის პოტენციალისა და უცხოურ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, დამსწრე აუდიტორია გაეცნობა ევროკავშირის კანონმდებლობას, ბაზრის სტრუქტურასა და ევროკავშირში ექსპორტთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ქართული პროდუქციისთვის.

მათივე ინფორმაციით, მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ინტერაქტიული ლექციები სხვადასხვა საკითხებზე, რომლებსაც გაუძღვებიან ევროკავშირის ექსპერტები ლატვიიდან, ბელგიიდან, იტალიასა და ავსტრიიდან. ღონისძიებას გახსნიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, სოფლის მეურნების მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, EBRD-ის რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა, საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოს ჰერმანი. მასში მონაწილეობას მიიღებენ 30 ქართული კომპანიის, აგრეთვე სოფლის მეურეობის სამინისტროს წარმომადგენლები.

ტრეინინგი ხორციელდება ევროპალატის პროექტის „East Invest 2“-ის ფარგლებში. მისი მიზანია ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონის ქვეყნების ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.