Apple-მა რეკლამაში აუტისტი თინეიჯერი გადაიღო

კომპანია Apple-მა YouTube-ის საკუთარ არხზე ახალი რეკლამა განათავსა, რომელშიც 16 წლის აუტისტი ბიჭუნა არის გადაღებული.

კალიფორნიაში მცხოვრებ დილან ბარმაშს მეტყველება არ შეუძლია და გარე სამყაროსთან აქტიურ კომუნიკაციას სწორედ Apple-ის iPad-ით ამყარებს, სადაც მის ნაწერს სპეციალური ხმოვანი ფუნქცია ახმოვანებს.

რეკლამაში, რომელსაც „დილანის ხმა“ ჰქვია, დილანი ამბობს, რომ Apple-ის პროდუქციამ გარესამყაროსთან ურთიერთობის უნიკალური შესაძლებლობა და თავისი აზრების გადმოცემის შანსი მისცა.

„მე აღარ ვარ იზოლირებული გარესამყაროსგან და ბოლოსდაბოლოს, შემიძლია ვესაუბრო ადამიანებს, რომლებსაც ვუყვარვარ. ახლა მეც შემიძლია ამ ადამიანებს ვუთხრა, რომ მეც მიყვარს ისინი“, - ამბობს დილანი რეკლამაში.

დილან ბარმაშმა სახელი 2014 წელს გაითქვა, როდესაც სკოლაში დიპლომების გადაცემის დღეს, სიტყვები iPad-ზე აკრიფა და ხმოვანი ფუნქციის საშუალებით გაახმოვანა თავისი გამოსვლა.

რეკლამას YouTube-ზე რამდენიმე დღეში უკვე 3 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

აპრილი მსოფლიოში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების თვედ არის გამოცხადებული.