საემიროებიდან საქართველოში სპეციალური ჯგუფი ჩამოვა, რომელიც ინვესტიციების განსახორციელებლად კონკრეტულ სფეროებს შეისწავლის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აბუ დაბის ტახტის მემკვიდრეს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრაზე მხარეებმა ორ სახელმწიფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე და ამ მიმართულებით განსახორციელებელ კონკრეტულ პროექტებზე ისაუბრეს.

როგორც ტახტის მემკვიდრემ პრემიერ-მინისტრთან საუბრისას განაცხადა,  საქართველოს შესახებ ბევრ ინფორმაციას ფლობს და დაინტერესებულია კონკრეტულ სფეროებში ინვესტიციების განხორციელებით. თავის მხრივ, გიორგი კვირიკაშვილმა აბუ დაბის ტახტის მემკვიდრეს შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე და საინვესტიციო შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ინვესტორებს დაცულ, კონკურენტუნარიან, უსაფრთხო გარემოს სთავაზობს. მისივე თქმით, ქვეყანა სტაბილურობის კუთხით რეგიონში სამაგალითოა.

სასახლეში გამართული შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოში სპეციალური ჯგუფი ჩამოვა, რომელიც ინვესტიციების განსახორციელებლად კონკრეტულ სფეროებს შეისწავლის. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება.

საუბრის დასასრულს, გიორგი კვირიკაშვილმა აბუ დაბის ტახტის მემკვიდრე საქართველოში მოიწვია.