დიმიტრი ქუმსიშვილმა საემიროების ეკონომიკის მინისტთან ინვესტიციებისა და ორმხრივი ვაჭრობის ზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრა

ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც 11-12 აპრილს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ოფიციალური სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა, მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმში „დუბაი 2016“. ის ასევე შეხვდა საემიროების ოფიციალურ პირებსა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს.

11 აპრილს ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო დუბაის საინვესტიციო ფორუმის პლენარულ სესიაში „გლობალური ლიდერების დებატები“, რომლის დროსაც მოხსენება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობდა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შეხვედრაში არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრთან და დუბაის მმართველთან, შეიჰ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან.

საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღო არაბთა გაერთიანებული საემიროების ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაში. აღნიშნული შეხვედრა საემიროების ეკონომიკის მინისტრის, სულთან ალ მანსურის პატრონაჟით გაიმართა. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის გარდა, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის, დეველოპერული კომპანია „ემ კვადრატის“, „ჯინო ფერედაიზისა“ და სხვა მსხვილი ქართული კომპანიების წარმომადგენლები.

რაც შეეხება არაბულ მხარეს, Majid Al Futtaim Holding; DP World; Sharaf Group; Strata; Ontime Group. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი. შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა არაბული ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და მიმდინარე რეფორმები გააცნო. ასევე საუბარი წარიმართა კონკრეტულ პროექტებზე, რომელთა განვითარებასაც საქართველოს მთავრობა გეგმავს.

არაბთა გაერთიანებული საემიროებში ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი საემიროების ეკონომიკის მინისტრ სულთან ალ მანსურს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას და საემიროებში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას. დუბაის საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართა გალა-დაჯილდოება, რომელსაც დაესწრო საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. ჯილდო აღმოსავლეთ ევროპის, თურქეთისა და დსთ-ს ქვეყნებში საუკეთესო საინვესტიციო პროექტისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტისათვის მიენიჭა და იგი ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს გადაეცა.